უამრავ ადამიანს, უბრალოდ, აღარ აქვს დილით დრო, საწოლი გაასწოროს, ზოგს კი უბრალოდ ეზარება.
ესპანურმა დიზაინერულმა კომპანიამ Ohea-მ საწოლი გამოიგონა, რომელიც თავად სწორდება. Ohea Automatic Bed პირველი "ჭკვიანი საწოლია", რომელსაც ლოგინის ალაგება ახალი ტექნოლოგიის დახმარებით 1 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლია.
საწოლს გვერდებზე ავტომატური გორგოლაჭი აქვს დამონტაჟებული, ხოლო თავთან სპეციალური ამწე, რომელზეც ბალიშები მაგრდება. როდესაც გორგოლაჭი არეულ თეთრეულს ასწორებს, ამწეს ბალიშები მაღლა ააქვს და შემდეგ საბნის ზემოდან ალაგებს.
"ჭკვიან საწოლს" ორი მოდელი აქვს: ავტომატური და მექანიკური. მექანიკური მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავად მიუთითოს საწოლის ალაგების დრო, ხოლო ავტომატური დამონტაჟებული დეტექტორის მიხედვით, თავად ხვდება, როდისაა საწოლი ცარიელი და ამის შემდეგ თავად იწყებს საწოლის გასწორებას.
ხელსაწყო ცალკე არ იყიდება. იმისთვის, რომ ამ სერვისით ისარგებლოთ, Ohea-ს წარმოების საწოლის შეძენა მოგიწევთ. გარდა ამისა, კომპანიამ ყველა ასაკის ადამიანისთვის სხვადასხვა ზომის "ჭკვიანი საწოლი" გამოუშვა.
|