"მოგიტანე,” თქვა ფრენსიზმა, როცა ელენა დაჯდა და ქაღალდის ნაგლეჯი ააფრიალა.
"და მეც კარგი ამბები მაქვს,” სერიოზული ხმით უთხრა ბონიმ. "ელენა, კარგად მომისმინე.
მე და მას ერთად გვაქვს ბიოლოგიის გაკვეთილი და მე ზუსტად მის გასწვრივ ვიჯექი. მას
სტეფანი ჰქვია, სტეფან სალვატორი. იტალიელია, ქალაქის ბოლოს მოხუც მისის
ფლაუერთან ქირაობს ბინას.” ამოიოხრა მან. "ისეთი რომანტიკულია... კაროლინს წიგნები
დაუცვივდა, ის კი აღებაში დაეხმარა.”
ელენას სახე მოეღრიცა. "რა მოუქნელია კაროლინი. კიდევ რა მოხდა?”
"მეტი არაფერი. არც გამოლაპარაკებია. როგორც ხედავ ძა-ა-ალიან იდუმალი პიროვნებაა.
მისის ენდიკოტი, ბიოლოგიის მასწავლებელი, შეეცადა მოეხსნევინებინა სათვალე, მაგრამ
მაინც არ მოიხსნა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაღაც პრობლემების გამო.”
"რა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო?”
"არ ვიცი. შეიძლება სიკვდილის პირასაა და მისი დღეები დათვლილია. ასე რომ იყოს რა
რომანტიული იქნებოდა არა?”
"კი, ძალიან.” უპასუხა მერედიტმა.
ელენამ ფრენსიზის მოტანილ ფურცელს გადახედა და ტუჩი მოიკვნიტა. "მეშვიდე
გაკვეთილი გვაქვს საერთო, ევროპის ისტორია. კიდევ ვის გაქვთ ეს გაკვეთილი?”
"მე,” თქვა ბონიმ. "და მგონი კაროლინსაც. და შეიძლება მეტსაც; მეტი გუშინ რაღაცას
ამბობდა, როგორ გაუმართლა, რომ მისტერ ტენერთან მოხვდა.”
გადასარევია, გაიფიქრა ელენამ, ჩანგალი აიღო და მოხარშულ კარტოფილს ჩაარჭო.
როგორც ჩანდა მეშვიდე გაკვეთილი უაღრესად საინტერესო იქნებოდა.
სტეფანს უხაროდა, რომ როგორც იყო სასწავლო დღე დასასრულს მიუახლოვდა. მას
ძალიან უნდოდა სულ რამდენიმე წუთით მაინც მოშორებოდა ხალხით გადაჭედილ
ოთახებსა და დერეფნებს.
ამდენი ფიქრები. ამდენი განსხვავებული ფიქრებისა და აზრების კორიანტელი თავბრუს
ახვევდა მას. უკვე დიდი ხანი გავიდა მასე შემდეგ, რაც ბოლოს ამდენი ხალხის
გარემოცვაში გაატარა დრო.
ერთის აზრი კი განსაკუთრებულად მოეჩვენა. ის გოგოც მათ შორის იყო, სკოლის
დერეფანში რომ უთვალთვალებდნენ ვიღაცეები. მას წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ
გამოიყურებოდა ის, მაგრამ მისი ინდივიდუალობა ნამდვილად ძლიერი იყო. ის
დარწმუნებული იყო, რომ მისი ფიქრების ხმას აუცილებლად იცნობდა.
ასეა თუ ისე, მასკარადის პირველ დღეს გაუძლო. თავისი ძალა მხოლოდ ორჯერ
გამოიყენა, თანაც არა მთელი შესაძლებლობით. მაგრამ უკვე დაიღალა და თუმცა
უხალისოდ, მაგრამ მაინც აღიარა რომ მოშივდა. როგორც ჩანდა კურდღელმა ვერ
დააკმაყოფილა.
ამაზე ნერვიულობა მოგვიანებითაც ეყოფოდა. ბოლო გაკვეთილის საკლასო ოთახს
მიაგნო და მერხთან დაჯდა. იგრძნო, რომ იმ არაჩვეულებრივი ფიქრების პატრონიც იქ
იყო.
ეს ფიქრი მის ქვეცნობიერში გავარვარებული, ოქროსფერი, ნაზი, მთრთოლვარე ძაფივით
ელვარებდა. მან მაშინვე შეიტყო გოგონას მდებარეობა, რომლისგანაც ეს ფიქრები
მოდიოდა. ის პირდაპირ მის წინ იჯდა.
როგორც კი ეს გაიფიქრა, გოგონა მობრუნდა და სტეფანმა მისი სახე დაინახა. ერთადერთი
რაც შეძლო, იყოს ის, რომ შეეცადა შოკი და გაოცება დაემალა.
კეტრინი! მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო ის ყოფილიყო. კეტრინი მოკვდა;
არავინ იცოდა ეს, მასზე უკეთესად.
და მაინც, მსგავსება საზარელი იყო. ეს ბაცი ოქროსფერი თმები, ისეთი ქერა, რომ თითქოს
ციმციმებდა. ეს ნაღებისფერი კანი, რომელიც მას ყოველთვის გედს აგონებდა, ან
ალებასტრს, ღაწვებს ოდნავ მოსდებოდა მოვარდისფრო ფერი. და თვალები... კეტრინის
ისეთი ფერის თვალები ჰქონდა, როგორიც მას მანამდე არასდროს ენახა; ლაჟვარდოვან
ცაზე უფრო ლურჯი, ისეთივე ელვარე, როგორც ლაპის-ლაზულით მოოჭვილი მისი
თავსაბურავი. ამ გოგონასაც ზუსტად მისნაირი თვალები ჰქონდა.
და ისინი ზუსტად სტეფანის თვალებს უყურებდნენ როცა გოგონამ გაიღიმა.
ღიმილისგან გაქცევის მიზნით, სტეფანმა მაშინვე დახარა თავი. მას უნდოდა არა მარტო
ღიმილს, არამედ ყველაფერს გაქცეოდა რაც მას კეტრინს მოაგონებდა. მას აღარ უნდოდა
დაენახა გოგონა, რომელიც მას კეტრინს ახსენებდა, საერთოდ აღარ უნდოდა ეგრძნო ამ
გოგოს არსებობა. მზერა მერხს მიაპყრო და მთელი მონდომებით შეეცადა არ გაეგონა ამ
გოგოს ფიქრები. და ბოლოს, როგორც იქნა, ის ნელა შეტრიალდა.
გოგონა გულნატკენი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სტეფანი მის ფიქრებს ბლოკავდა, მან
მაინც იგრძნო ეს. თუმცა ეს არ ანაღვლებდა. პირიქით, უხაროდა კიდეც, და იმედი ჰქონდა,
რომ გოგონას აღარ გაუჩნდებოდა მისთვის ყურადღების მიქცევის სურვილი. გარდა ამისა,
მას არავითარი გრძნობა არ გასჩენია გოგონას მიმართ.
სწორედ ამას ეუბნებოდა საკუთარ თავს, უსაქმური მასწავლებლის ხმა შორეულად
ესმოდა, ისე რომ ერთი სიტყვაც არ გაუგონია. სამაგიეროდ სუნამოს ფაქიზ სურნელს
გრძნობდა- იები, გაიფიქრა მან. გოგონას წვრილი თეთრი კისერი წიგნთან დაიხარა და
ქერა თმები ორივე მხრიდან ჩამოეფარა.
სიბრაზესა და იმედგაცრუებასთან ერთად მას მაცდური შეგრძნება გაუჩნდა- უფრო
ღიტინის და ყურებში შხუილის მსგავსი ვიდრე ტკივილის. ეს შიმშილი იყო, თავისებური
შიმშილი. არა ისეთი, რომლიც შეეძლო უყურადღებოდ დაეტოვებინა.
მასწავლებელი ქრცვინივით დადიოდა წინდაუკან ოთახში, კითხვებს სვამდა. სტეფანი
შეეცადა ამ კაცისთვის არ მოეშორებინა თვალი. თავიდან დაიბნა, რომ არავინ არ იცოდა
მასწავლებლის კითხვებზე პასუხი, ის კი კითხვებს ისევ სვამდა. შემდეგ კი მიხვდა, რომ
სწორედ ეს იყო მასწავლებლის მიზანი. რომ შეერცხვინა სტუდენტები იმის გამო, რაც მათ
არ იცოდნენ.
სწორედ იმ წამს, კაცმა ახალი მსხვერპლი იპოვა, წითელ-კულულებიანი ბუჩქით
დამშვენებული გულისფორმის სახიანი გოგონა. სტეფანი ზიზღით უყურებდა როგორ
დააყარა მას კითხვები მასწავლებელმა. კაცი გამარჯვებული სახით მოტრიალდა
ბავშვებისკენ და მთელ კლასს მიმართა.
"მიხვდით რისი თქმა მინდოდა? თქვენ ფიქრობთ რომ მაგარები ხართ; რომ უკვე
მაღალკლასელები გახდით და სადაცაა სკოლას დაამთავრებთ. მე კი გეტყვით, რომ
ზოგიერთი თქვენგანი საბავშვო ბაღის დამთავრების ღირსიც კი არაა! სწორედ
მისნაირებზე ვამბობ.” მან წითელთმიანი გოგონასკენ გაიშვირა ხელი. "წარმოდგენა არ
გაქვთ ფრანგულ რევოლუციაზე. მას რომ კითხო, მარი ანტუანეტა მუნჯი კინოს
ვარსკვლავი იყო.”
სტეფანის გარშემო ყველა უხერხულად შეიშმუშნა. ის აღშფოთებას და დამცირებას
გრძნობდა მათ ფიქრებში. და კიდევ შიშს. ყველას პატარა, გამხდარი, თრითინასავით
წვრილთვალება კაცის ეშინოდა, იმ ბრგე ბიჭებსაც კი, ვინც მასწავლებელს ბევრად
აღემატებოდნენ სიმაღლით.
"კარგი, აბა სხვა ეპოქა ვცადოთ.” მასწავლებელი იმავე გოგოს მიუბრუნდა. "რენესანსის
დროს...” უცებ ის გაჩერდა. "შენ ხომ იცი რა არის რენესანსი, არა? XIII- XVII საუკუნეებს
შორის პერიოდი, როცა ევროპამ ანტიკური საბერძნეთისა და რომის დიადი იდეები
ააღორძინა. ეპოქა, როდესაც ევროპაში ამდენი დიდებული მხატვარი და მოაზროვნე
მოღვაწეობდა.” გოგონამ შეცბუნებულმა დაუქნია თავი და მასწავლებელმა ისევ განაგრძო.
"ჰოდა, აღორძინების ეპოქის დროს, შენი ასაკის მოსწავლეები რას აკეთებდნენ სკოლაში?
აბა? არავითარი იდეა არ გაქვს? რაიმე ვარაუდი?”
გოგონამ გაჭირვებით გადაყლაპა ნერწყვი, სუსტად გაიღიმა და თქვა: "ფეხბურთს
თამაშობდნენ?”
ამას კლასში ატეხილი სიცილი მოჰყვა, რის შედეგადაც მასწავლებელი უარესად
მოიქუფრა. "ძნელი დასაჯერებელია!” წამოიძახა კაცმა და კლასში სიჩუმემ დაისადგურა.
"შენ აზრით ეს სასაცილოა? იმ დროისთვის თქვენი ასაკის მოსწავლეებმა უკვე უზადოდ
იცოდნენ რამდენიმე უცხო ენა. ასევე დახელოვნებულნი იყვნენ ლოგიკაში, მათემატიკაში,
ასტრონომიაში, ფილოსოფიასა და გრამატიკაში. მათ საკმარისი ცოდნა ჰქონდათ, რომ
სწავლა უნივერსიტეტში გაეგრძელებინათ, სადაც ყველა საგანს ლათინურად
ასწავლიდნენ. ფეხბურთი კი უეჭველად უკანასკნელი რამ იქნებოდა, რასაც...”
"უკაცრავად.”
წყნარმა ხმამ წინადადება გააწყვეტინა მასწავლებელს. ყველა სტეფანს მიაჩერდა.
"რაო? რა თქვი?”
"მე ვთქვი, უკაცრავად,” სტეფანმა გაიმეორა, სათვალეები მოიხსნა და ფეხზე წამოდგა.
"მაგრამ თქვენ ცდებით. მოსწავლეებს რენესანსის ეპოქაში მასწავლებლები აქეზებდნენ,
რომ თამაშებში მიეღოთ მონაწილეობა. მათ ასწავლიდნენ, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი
სულია. და ისინი მართლა თამაშობდნენ ჯგუფურ თამაშებს, როგორიცაა კრიკეტი,
ტენისი- ასევე ფეხბურთიც.” ის წითელთმიან გოგონას მიუბრუნდა და გაუღიმა, მანაც
მადლიერი ღიმილით უპასუხა. შემდეგ მასწავლებელს მიუბრუნდა და დაამატა, "მაგრამ
უპირველეს ყოვლისა, მათ ასწავლიდნენ კარგ მანერებს და თავაზიანობას. დარწმუნებული
ვარ ეს თქვენს წიგნშიც წერია.”
ყველას გაეცინა. მასწავლებელს სიბრაზისგან სახე აუჭარხლდა. მაგრამ სტეფანი თვალს
არ აშორებდა და კიდევ ერთი წუთის შემდეგ ისევ მასწავლებელმა აარიდა მზერა.
ზარი დაირეკა.
სტეფანმა მაშინვე სათვალე გაიკეთა და თავისი წიგნების შეგროვება დაიწყო. მან უკვე
მიიპყრო საჭიროზე მეტი ყურადღება და აღარ უნდოდა ქერა გოგოს მზერაც დაეჭირა.
გარდა ამისა, სასწრაფოდ უნდა გასცლოდა იქაურობას; ვენებში ნაცნობი მწველი შეგრძნება
გაუჩნდა.
კარებს რომ მიაღწია ვიღაცამ დაიყვირა.”ეი! მაშინ მართლა თამაშობდნენ ფეხბურთს?”
სტეფანმა თავი ვერ შეიკავა რომ მხარზემოთ არ გაეცინა კითხვის ავტორისთვის. "რა თქმა
უნდა. ზოგჯერ ომის ტყვეების მოჭრილი თავებითაც.”
ელენა უყურებდა როგორ გავიდა ის საკლასო ოთახიდან. უცნობმა მას განზრახ აარიდა
თვალი. მან ელენა განგებ დაამცირა, თანაც კაროლინის თვალწინ, რომელიც ქორივით
უყურებდა მათ. თვალებზე ცრემლები მოაწვა, თუმცა გონებაში ერთადერთი მწველი აზრი
უტრიალდებდა.
ეს ბიჭი მისი გახდებოდა, თუნდაც სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა ეს. თუნდაც ეს
ორივეს სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა, ეს ბიჭი მაინც მისი გახდებოდა.
წყარო : ვამპირის დღიურების ქართული გვერდი
აჰაა იმედია დაგაკმაყოფილე ანი )))
ნინი იმედია მოგეწონებაა !! ...*))
მაპატიეთ ერთ საიხლეში არ დაეტიაა... )
By Maria..*))